ჯო ბაიდენი - მტკიცედ მჯერა, რომ ღაზის სექტორში საჭიროა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, რათა მძევლები გამოვიყვანოთ
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ისრაელი რაფაჰში სახმელეთო ოპერაციას არ წამოიწყებს.
„მე ეს საკითხი დავაყენე და ამის მტკიცედ მჯერა, რომ საჭიროა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, რათა მძევლები გამოვიყვანოთ. Ამ თემაზე მოლაპარაკებები გრძელდება. მე იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელია. ამასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ ისრაელელები არ დაიწყებენ მასობრივ სახმელეთო შეჭრას. ჩემი მოლოდინია, რომ ეს არ მოხდება”, – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ბაიდენის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა ისრაელზე იზრდება, რათა მათ არ წამოიწყონ სახმელეთო შეტევა ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ რაფაჰზე, სადაც, გაერო-ს ცნობით, 1,4 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს. ისრაელში აცხადებენ, რომ რაფაჰიდან მოქალაქეების ევაკუაციის გეგმას ამზადებენ. ამასთან, ისრაელის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ რაფაჰის დაკავების გარეშე „ჰამასის“ განადგურების ამოცანის მიღწევა შეუძლებელია.