ჯო ბაიდენი - მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის პაკეტი ჩემს მაგიდასთან, რათა ხელი მოვაწერო და უკრაინისთვის აღჭურვილობის სწრაფად მიწოდება შევძლოთ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს სენატს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს დახმარების კანონპროექტები. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინსვლას და მკაფიო გზავნილს მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერულ ძალაუფლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ბაიდენმა დასძინა, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრებმა მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომლის დასაცავად, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, თავად თვეების განმავლობაში იბრძოდა.
„მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს აღნიშნული დახმარების პაკეტი ჩემს მაგიდასთან, რათა ხელი მოვაწერო მას კანონიერად, რომ შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის სწრაფად მიწოდება ბრძოლის ველზე მათი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ჯო ბაიდენის განცხადებაში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.