ჯო ბაიდენი მხარს უჭერს აშშ-ის სენატის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებას ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებასთან დაკავშირებით
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს სენატის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებას ისრაელთან დაკავშირებით.
როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ჩაკ შუმერმა კარგი სიტყვა წარმოთქვა.
„ვფიქრობ, მან გამოხატა სერიოზული შეშფოთება, რომელსაც იზიარებს არა მხოლოდ ის, არამედ ბევრი ამერიკელი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა 14 მარტს განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გზა დაკარგა და მისი კოალიცია აღარ პასუხობს ისრაელის საჭიროებებს 7 ოქტომბრის შემდეგ. ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. დემოკრატი ჩაკ შუმერის განცხადება მკვეთრად გააკრიტიკეს სენატის რესპუბლიკელებმა. უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკონელმა აღნიშნა, რომ სენატორისთვის შეუსაბამო იყო სხვა დემოკრატიულ მთავრობასთან დაკავშირებით არჩევნებისა და ხელმძღვანელობის ცვლილებების მოწოდება.
ამასთან, ჩაკ შუმერის განცხადებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“, სადაც აღნიშნულია: „ისრაელი არ არის ბანანის რესპუბლიკა. სენატორ შუმერისგან მოელიან, რომ პატივს სცემს ისრაელის არჩეულ მთავრობას, განსაკუთრებით, ომის დროს“. ასევე, ჩაკ შუმერის განცხადებასთან დაკავშირებით ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა აღნიშნა: „აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ისრაელის მეგობარია, მაგრამ შეცდომა დაუშვა. მხოლოდ ისრაელის მოქალაქეები განსაზღვრავენ, ვინ იყვნენ ქვეყნის ლიდერები. ნებისმიერი გარე ჩარევა მიუღებელია“.