ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე სპეციალური მიმართვით წარდგა
ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე სპეციალური მიმართვით წარდგა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე სპეციალური მიმართვით წარდგა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, პირველი მაისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის. ასევე მისი გეგმით, 4 ივლისისთვის აშშ ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს.

„ერთი წლის წინ ჩვენ მოგვიცვა ვირუსმა, რომელსაც დაახვედრეს დუმილი, დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში უარყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა უფრო მეტი გარდაცვალება, უფრო მეტი ინფიცირება, უფრო მეტი სტრესი და მეტი სიმარტოვე. 2019 წლის ფოტოები და ვიდეოები თითქოს სხვა ერაშია გადაღებული – ბოლო შვებულება, ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან ერთად, ბოლო დღესასწაული ოჯახის ფართო წრეში. ეს ყველაფერი ყველასთვის რთული იყო, ჩვენ ყველამ განვიცადეთ დანაკარგი, კოლექტიური ტანჯვა, კოლექტიური მსხვერპლი.

ამ ხანგრძლივი რთული წლის შემდეგ, ეს დამოუკიდებლობის დღე იქნება ნამდვილად განსაკუთრებული, რა დროსაც ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, არამედ დავიწყებთ ამ ვირუსისგან ჩვენი დამოუკიდებლობის აღნიშვნას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ დასასრულისგან ჯერ კიდევ შორსაა. მან მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„მე მჭირდება, რომ თითოეულმა ამერიკელმა შეასრულოს თავისი წილი“, – აღნიშნა ბაიდენმა.