ჯო ბაიდენი - ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.
ამასთან, ჯო ბაიდენმა ისრაელისა და „ჰამასს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, „ჰამასს“ დაუპირისპირდეს. მისივე თქმით, „ჰამასს“ შეუძლია, დღესვე დაასრულოს კონფლიქტი მძევლების გათავისუფლებით, იარაღის დაყრით და 7 ოქტომბერზე პასუხისმგებელი პირების ჩაბარებით.
„ისრაელს აქვს დამატებითი ტვირთი, რადგან „ჰამასი“ იმალება და მოქმედებს მშვიდობიან მოსახლეობაში, საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებში და ა.შ. თუმცა, ისრაელს ასევე აქვს ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, დაიცვას ღაზაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა. მე უწყვეტად ვმუშაობდი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის დასამყარებლად, რომელიც გაგრძელდება, სულ მცირე, ექვსი კვირა და ყველა მძევლის გათავისუფლების საშუალებას მოგვცემს. ამაღამ ვუბრძანებ აშშ-ის სამხედროებს, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას ღაზის სანაპიროსთან ხმელთაშუა ზღვაში დროებითი ნავმისადგომის შესაქმნელად. დროებითი ნავსადგური საშუალებას მისცემს, მკვეთრად გაზარდოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა ყოველდღიურად“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.
„მე ამას ვამბობ, როგორც ისრაელის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ომის დროს ეწვია ისრაელს“, – განაცხადა ბაიდენმა.