ჯო ბაიდენი - გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოდან დაწყებული, დიდი შვიდეულითა და ისრაელის ნეთანიაჰუთი დასრულებული, ღაზაში ომის დასასრულებლად ყველა მხარს უჭერს ჩემ მიერ წარდგენილ სამეტაპიან გეგმას
გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოდან დაწყებული, დიდი შვიდეულითა და ისრაელის ნეთანიაჰუთი დასრულებული, ყველა მხარს უჭერს ჩემ მიერ წარდგენილ გეგმას, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატებისას განაცხადა წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, რა ბერკეტებს გამოიყენეენ საპრეზიდენტო კანდიატები ღაზაში ომის დასასრულებლად.
„პირველი ეტაპი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლებაა. მეორე ფაზა – ცეცხლის შეწყვეტა დამატებითი პირობებით. მესამე ფაზა კი ომის დასრულებაა. ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, „ჰამასია“. ჩვენ ძლიერად ვაწვებით, რომ მიიღონ პირობები. მანამდე კი, ერთადერთი, რაზეც მე უარი ვუთხარი ისრაელს, 2000-ფუნტიანი ბომბებია. ისინი დასახლებულ ტერიტორიებზე გამოსაყენებლად არ გამოდგება. ამით მრავალი უდანაშაულო ადამიანი იხოცება. ჩვენ ისრაელს მივაწოდეთ ყველა სახის იარაღი, რაც სჭირდებათ. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ირანის წინააღმდეგ გააერთიანა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, „ჰამასს“ მოქმედების გაგრძელების საშუალება არ უნდა მისცენ.
„სწორედ ამიტომ, ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილი ჰყავს ქსპერტები და დაზვერვის თანამშრომლები, რათა შეისწავლონ, თუ როგორ გავუმკლავდეთ „ჰამასს“ ისე, როგორც ბინ ლადენს“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის განცხადებით, ისრაელმა „ძალიან დაასუსტა „ჰამასი“ და ისინი უნდა განადგურდნენ“. მაგრამ პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა სიფრთხილე გარკვეული შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებით, როდესაც დასახლებულ ტერიტორიებზეა საუბარი.