ჯო ბაიდენი - გადავწყვიტე, რომ დროა, ლიდერების ახალი თაობა გაუძღვეს ქვეყანას წინ, ზოგიერთი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა, ყველაზე მთავარი ხალხია
რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს ჩემი სამსახური, ჩემი ქვეყანა უფრო მეტად მიყვარს. 50-წლიანი საჯარო სამსახურის შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ დროა, ლიდერების ახალი თაობა გაუძღვეს ჩემს ქვეყანას წინ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალურ დებატების გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საპრეზიდენტო მარათონიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე საუბრობდა.
მისი თქმით, ზოგიერთი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა და ყველაზე მთავარი ხალხია.
„მაშინაც კი, როდესაც ამდენ ცვლილებას გავდივართ, ერთი რამ უცვლელი უნდა დარჩეს – არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, თუ ვის წამოვადგენთ აქ – ხალხს. ეს არის ჩვენი კონსტიტუციის პირველი სიტყვები. ეს არის თავად ამერიკის იდეა, რომლის შთაგონებითაც დაიწერა გაერო-ს წესდების შესავალი სიტყვები. დემოკრატიის დაცვა ჩემი პრეზიდენტობის მთავარ მიზნად ვაქციე. ამ ზაფხულს მე აღმოვჩნდი გადაწყვეტილების წინაშე, მეყარა თუ არა კენჭის მეორე საპრეზიდენტო ვადით. ეს იყო რთული გადაწყვეტილება. პრეზიდენტად ყოფნა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივია. არის კიდევ იმდენი რამ, რისი გაკეთებაც მსურს. რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს ჩემი სამსახური, ჩემი ქვეყანა უფრო მეტად მიყვარს. 50-წლიანი საჯარო სამსახურის შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ დროა, ლიდერების ახალი თაობა გაუძღვეს ჩემს ქვეყანას წინ. ჩემო კოლეგა ლიდერობო, არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა. ყველაზე მთავარი თქვენი ხალხია. არასდროს დაგავიწყდეთ, ჩვენ აქ ვართ, რომ ვემსახუროთ ხალხს და არა პირიქით“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, აშშ-ის ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოებას გლობალური გამოწვევების დასაძლევად ერთიანობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვართ უფრო ძლიერი, ვიდრე გვგონია. ჩვენ ვართ უფრო ძლიერი ერთად, ვიდრე მარტო. ის, რასაც შეუძლებელს უწოდებენ, მხოლოდ ილუზიაა“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე თავისი უკანასკნელი გამოსვლა ნელსონ მანდელას სიტყვებით დაასრულა – „ყოველთვის შეუძლებლად მიგაჩნია, ვიდრე გააკეთებ.“
„კოლეგა ლიდერობო, არაფერია, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, თუ ერთად ვიმუშავებთ. მოდით ერთად ვიმუშაოთ“, – თქვა ბაიდენმა.