ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს - ჩემი შვილი არ იყო ლუზერი და ლაწირაკი, შენ ხარ ლაწირაკი, შენ ხარ ლუზერი
ჩემი შვილი არ იყო ლუზერი და ლაწირაკი, შენ ხარ ლაწირაკი, შენ ხარ ლუზერი, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს ტელედებატებისას.
„ჩვენ დიდი პატივისცემა გვაქვს ვეტერანების მიმართ. ჩემმა შვილმა ერთი წელი გაატარა ერაყში. ახლახან ვიყავი საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავზე და ვისაუბრე ყველა იმ გმირზე, რომელიც დაიღუპა. ვინახულე მეორე და პირველ მსოფლიო ომებში დაღუპულთა საფლავები, სადაც მან უარი თქვა წასვლაზე, ის იდგა ოთხვარსკვლავიანი გენერლის გვერდით და უთხრა მას: „მე არ მინდა იქ წასვლა, რადგან ისინი არიან ლუზერები და ლაწირაკები“. ჩემი შვილი არ იყო ლუზერი, ის არ იყო ლაწირაკი. შენ ხარ ლაწირაკი. შენ ხარ ლუზერი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამერიკული მედიის ცნობით, ბაიდენი, სავარაუდოდ, ეყრდნობა 2020 წელს გამოცემა „ატლანტიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ტრამპმა უარი თქვა საფრანგეთში ამერიკელი სამხედროების საფლავის მონახულებაზე და განაცხადა, რომ ის სავსეა „ლუზერებით“ და „ლაწირაკებით“.
საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ბაიდენისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და განაცხადა, რომ გამოცემის მიერ მოყვანილი ციტატა იყო გამოგონილი.
„უპირველეს ყოვლისა, ეს იყო გამოგონილი ციტატა. „ლაწირაკები და ლუზერები“ მათ გამოიგონეს. ეს იყო მესამეხარისხოვანი ჟურნალი, რომელიც წარუმატებლობას განიცდის, როგორც ბევრი ამ გამოცემებს შორის. მან ეს მოიგონა. მან ეს რეკლამაში ჩასვა. ჩვენ გვყავდა 19 ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ მე ეს არ მითქვამს. არავის უზრუნია ჩვენს სამხედროებზე იმაზე უკეთესად, ვიდრე მე. წარმოუდგენელია იმაზე იფიქრო, რომ მე გენერლებისა და სხვების წინაშე ვთქვი ლაწირაკები და ლუზერები. ჩვენ გვყავს 19 ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ მე ეს არასდროს მითქვამს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ბაიდენმა ეს მოიგონა, ამიტომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს.
ბაიდენის განცხადებით, მას ტრამპის წინაშე ბოდიში ამასთან დაკავშირებით არ აქვს მოსახდელი.
„ჩვენ მეტი გაგვიკეთებია ვეტერანებისთვის, ვიდრე ნებისმიერ პრეზიდენტს ამერიკის ისტორიაში“, – განაცხადა ბაიდენმა.