ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა სახიფათო და შოკის მომგვრელი სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს
დონალდ ტრამპის განცხადებები საშიში და შოკის მომგვრელია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი“.
ბაიდენის შეფასებით, ტრამპის განცხადებამ კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა, რომ კონგრესმა დაამტკიცოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად.
„აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ფსონები უკვე მაღალი იყო, ვიდრე კანონპროექტს სენატში მიიღებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ეს ფსონები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სახიფათო და შოკის მომგვრელი, აშკარად არაამერიკული სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დაფინანსების შეჩერების მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის ტოლფასია და ასეთ შემთხვევაში მისი თავდასხმები, შესაძლოა, უკრაინის საზღვრებს გასცდეს.