ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი შურისძიებისა და სამაგიეროს გადახდის ფართომასშტაბურ კამპანიას გვპირდება, ის ცდილობს, მოიპაროს ისტორია, როგორც არჩევნების მოპარვა სცადა
დონალდ ტრამპი შურისძიებისა და სამაგიეროს გადახდის ფართომასშტაბურ კამპანიას გვპირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბაიდენის სიტყვით გამოსვლა 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის წლისთავს მიეძღვნა. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ოპონენტს ამერიკის დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა.
„არის თუ არა დემოკრატია კვლავ ამერიკის წმინდა საქმე, ეს არის ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა. სწორედ ამაშია 2024 წლის არჩევნების არსი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, ეს არ ყოფილა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ იყო ძალადობრივი თავდასხმა.
„მან (დონალდ ტრამპმა) უთხრა ხალხს, რომ ჯოჯოხეთურად ებრძოლათ და ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ის დაჰპირდა, რომ რასაც არ გააკეთებდნენ, ის მათ გვერდით იქნებოდა. შემდეგ, როგორც ჩვეულებრივ, მან ბინძური სამუშაო სხვებს დაუტოვა“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ტრამპი არ გააკეთებს იმას, რაც ამერიკელმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.
„დონალდ ტრამპი ცდილობს, მოიპაროს ისტორია, როგორც მან არჩევნების მოპარვა სცადა. თუმცა ჩვენ ვიცით სიმართლე, რადგან ის საკუთარი თვალებით ვიხილეთ. ეს არ ჰგავს იმ ისტორიას, რომელსაც გვიყვებიან, ის არაერთხელ ვიხილეთ ტელევიზიით საკუთარი თვალებით. ტრამპის ბანდა არ იყო მშვიდობიანი პროტესტი, ეს იყო ძალადობრივი თავდასხმა. ისინი იყვნენ აჯანყებულები და არა პატრიოტები. ისინი იქ არ ყოფილან კონსტიტუციის დასაცავად, არამედ იყვნენ კონსტიტუციის გასანადგურებლად. ტრამპი არ გააკეთებს იმას, რაც ამერიკელმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. ის უარს ამბობს პოლიტიკური ძალადობის დაგმობაზე. ასე რომ, მომისმინეთ, მე ვიტყვი იმას, რასაც დონალდ ტრამპი არ იტყვის: პოლიტიკური ძალადობა არასდროს ყოფილა მისაღები აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში, არასდროს. მას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეებისთვის დამნაშავეები ეწოდა, ტრამპმა მათ „ამბოხებული პატრიოტები“ უწოდა.
„ის დაჰპირდა მათ შეწყალებას, თუ პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნდება. ტრამპმა თქვა, რომ 6 იანვარს იყო ბევრი სიყვარული. ერის დანარჩენმა ნაწილმა, მათ შორის სამართალდამცველებმა, ბევრი სიძულვილი იხილეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ სცემს პატივს არჩევნების შედეგებს, თუკი ის დამარცხდება. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, „არ შეიძლება, გიყვარდეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ“.
„დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია მას ეძღვნება, არა ამერიკას ან თქვენ. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. მას სურს, დემოკრატია შესწიროს ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენი კამპანია განსხვავებულია, ჩემთვის და კამალასთვის ჩვენი საარჩევნო კამპანია ამერიკას ეძღვნება, ყველა ასაკის და წარმომავლობის ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, ის მომავალს ეძღვნება, რომლის აშენებასაც ჩვენ ერთად ვაპირებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპი ამაყად აქვეყნებს სოციალურ მედიაში სიტყვებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის 2024 წლის კამპანიას: „შურისძიება, ძალაუფლება, დიქტატურა.“
„ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, რითიც იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ. ის ამაყად აქვეყნებს სოციალურ მედიაში სიტყვებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის 2024 წლის კამპანიას: „შურისძიება, ძალაუფლება, დიქტატურა“, – განაცხადა ბაიდენმა.