ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ
ტრამპი არ გააკეთებს იმას, რაც ამერიკელმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპი ცდილობს, მოიპაროს ისტორია, როგორც მან არჩევნების მოპარვა სცადა.
„თუმცა ჩვენ ვიცით სიმართლე, რადგან ის საკუთარ თვალებით ვიხილეთ. ეს არ ჰგავს იმ ისტორიას, რომელსაც გვიყვებიან, ის არაერთხელ ვიხილეთ ტელევიზიით საკუთარი თვალებით. ტრამპის ბანდა არ იყო მშვიდობიანი პროტესტი, ეს იყო ძალადობრივი თავდასხმა. ისინი იყვნენ აჯანყებულები და არა პატრიოტები. ისინი იქ არ ყოფილან კონსტიტუციის დასაცავად, არამედ იყვნენ კონსტიტუციის გასანადგურებლად. ტრამპი არ გააკეთებს იმას, რაც ამერიკელმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. ის უარს ამბობს პოლიტიკური ძალადობის დაგმობაზე. ასე რომ, მომისმინეთ, მე ვიტყვი იმას, რასაც დონალდ ტრამპი არ იტყვის: პოლიტიკური ძალადობა არასდროს ყოფილა მისაღები აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში, არასდროს. მას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპი საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, რითიც იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ.
„ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, რითაც იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ. ის ამაყად აქვეყნებს სოციალურ მედიაში სიტყვებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის 2024 წლის კამპანიას: „შურისძიება, ძალაუფლება, დიქტატურა“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არ სცემს პატივს არჩევნების შედეგებს, თუკი ის დამარცხდება.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, „არ შეიძლება, გიყვარდეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ“.
„დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია მას ეძღვნება, არა ამერიკას ან თქვენ. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. მას სურს, დემოკრატია შესწიროს ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენი კამპანია განსხვავებულია, ჩემთვის და კამალასთვის ჩვენი საარჩევნო კამპანია ამერიკას ეძღვნება, ყველა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. ის მომავალს ეძღვნება, რომლის აშენებასაც ჩვენ ერთად ვაპირებთ“, – განაცხადა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.