ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა, ქვეყნის დემოკრატიაზე თავდასხმა იყო
6 იანვრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობას კაპიტოლიუმის შენობიდან მიმართა.
სიტყვით გამოსვლის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ბაიდენის თქმით, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა, ქვეყნის დემოკრატიაზე თავდასხმა იყო.
„ჩვენი ისტორიის განმავლობაში პირველად, პრეზიდენტმა უბრალოდ კი არ წააგო არჩევნები, მან სცადა ხელი შეეშალა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესისთვის, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ამ დღეს ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ასეთი თავდასხმა, აღარასდროს მოხდება. აბსოლუტურად ნათლად უნდა ვთქვათ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. სიმართლე კი ეს არის – ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა არჩევნებთან დაკავშირებით არაერთი სიცრუე თქვა, ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ ძალაუფლებას უფრო აფასებს, ვიდრე პრინციპებს“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
კაპიტოლიუმის შენობაში პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები გასული წლის 6 იანვარს შეიჭრნენ, ამ დროს კაპიტოლიუმის შენობაში არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. ადგილზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.