ჯო ბაიდენი და პირველი ლედი მაიამის მახლობლად, 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის ადგილას მივლენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ფლორიდაში, მაიამის მახლობლად, 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის ადგილას მივლენ. ისინი გარდაცვლილთა ოჯახებს შეხვდებიან და მიუსამძიმრებენ.
თეთრი სახლის ცნობით, გარდაცვლილთა ოჯახების გარდა, ჯო ბაიდენი მაშველებს შეხვდება, რათა მადლობა გადაუხადოს მათ დაუღალავი შრომისთვის.
მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ბოლოს აღმოჩენილ ცხედრებს შორის 4 და 10 წლის ბავშვები არიან. ამ დრომდე 145 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ჯერ უცნობია, რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი. ცნობილია, რომ 2018 წელს საინჟინრო კომპანიის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია 12-სართულიანი საცხოვრებელი შენობის სტრუქტურულ ხარვეზებზე.