ჯო ბაიდენი - ჩვენ ნათლად ვუთხარით ირანელებს, რომ ფრთხილად იყვნენ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ირანი, რომ „ფრთხილად მოეკიდოს“ რეგიონში თავის ქმედებებს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
მედიის ცნობით, ებრაული თემის ლიდერებთან შეხვედრის დროს ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ისრაელს და განაცხადა, რომ ის ხშირად ესაუბრება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.
„აშშ დამატებით სამხედრო დახმარებას აძლევს ისრაელის თავდაცვის ძალებს, მათ შორის საბრძოლო მასალას და ჩამჭრელებს „რკინის გუმბათის“ შესავსებად. ჩვენ გადავიყვანეთ აშშ-ის ავიამზიდი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავს ამ რეგიონში. ჩვენ ნათლად ვუთხარით ირანელებს, რომ ფრთხილად იყვნენ“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თავის ადმინისტრაციასთან ერთად გადაარჩენს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ უდანაშაულო ხალხს.
„ბევრი რამეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ბევრს ვაკეთებთ. მე არ ვკარგავ იმედს, რომ ამ ხალხს სახლში დავაბრუნებ”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.