ჯო ბაიდენი - ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობისას ქვეყანას ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო, ვიქნები საუკეთესო მოხალისე კამალა ჰარისის კამპანიისთვის
ჰარისი თავის კვალს დატოვებს ამერიკის მომავალზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
„ჰარისი იქნება პრეზიდენტი, რომლისგანაც ჩვენს შვილებს შეეძლებათ მაგალითის აღება. ის იქნება პრეზიდენტი, რომელსაც მსოფლიო ლიდერები პატივს სცემენ, რადგან მას უკვე სცემენ პატივს. ის იქნება პრეზიდენტი, რომლითაც ყველას შეგვეძლება ვიამაყოთ. და ის იქნება ისტორიული პრეზიდენტი, რომელიც თავის კვალს დატოვებს ამერიკის მომავალზე“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აქვს არანაირი უარყოფითი გრძნობები იმ დემოკრატების მიმართ, რომლებიც მოითხოვდნენ მისი კანდიდატურის მოხსნას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან.
„მთელი საუბარი იმის შესახებ, რომ მე გაბრაზებული ვარ ყველა ადამიანზე, ვინც თქვა, რომ უნდა გადავდგე, არ არის მართალი. მე უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი დემოკრატია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა დემოკრატ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ ის იქნება საუკეთესო მოხალისე კამალა ჰარისისა და ტიმ ვოლცის კამპანიისთვის.
სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა შეაჯამა თავისი ხანგრძლივი კარიერა და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში ქვეყანას ყველაფერი მისცა, რაც შეეძლო. „ძალიან ახალგაზრდა სენატისთვის, რადგან არ ვიყავი ჯერ 30 წლის და ძალიან მოხუცი, რომ დავრჩე პრეზიდენტად“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა. ჯო ბაიდენის თქმით, არ შეგიძლია თქმა, რომ გიყვარს შენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ.
„ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს „ლუზერი“ უწოდა.
„დონალდ ტრამპი ამერიკას წარუმატებელ ერს უწოდებს. ის ამბობს, რომ ჩვენ ვმარცხდებით, მაგრამ ის არის ლუზერი. ამერიკა იმარჯვებს და მსოფლიო ამით უკეთესი გახდება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.