ჯო ბაიდენი - ჩემი ადმინისტრაცია იმუშავებს აზერბაიჯანთან რეგიონული მშვიდობის მისაღწევად
აშშ იმუშავებს აზერბაიჯანთან რეგიონული მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის „ნოვრუზის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გაგზავნილ მისალოც წერილშია აღნიშნული.
მისალოცი წერილის ტექსტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩემი ადმინისტრაცია იმუშავებს აზერბაიჯანთან საერთო უსაფრთხოებასა და რეგიონულ მშვიდობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი გზით მოგვარებაში და ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის შერიგებას, წარმატებული და მშვიდობიანი მომავლისთვის“, – ნათქვამია წერილში.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერს აზერბაიჯანის ძალისხმევას ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და კასპიის ზღვაში ენერგეტიკული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
„აშშ აპირებს განიხილოს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“, – ნათქვამია წერილში.