ჯო ბაიდენი - ბევრი საკითხი გვყოფს, მაგრამ უკრაინაში დემოკრატიის დაცვა და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ უნდა იყოს ასეთი თემა
ბევრი საკითხი გვყოფს, მაგრამ უკრაინაში დემოკრატიის დაცვა და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ უნდა იყოს ასეთი თემა, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ ისაუბრა.
„თავისუფალი სამყარო ერთიანდება, რათა დაუპირისპირდეს პუტინს“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, აშშ დღეს მიმართავს კონგრესს, რათა რუსეთს შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი ჩამოართვას. ამასთან ერთად, აშშ კრძალავს რუსეთიდან ზღვის პროდუქტების და ბრილიანტების იმპორტს.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დიდი შვიდეულის წევრები შეეცდებიან, შეუზღუდონ რუსეთს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის აღების შესაძლებლობა, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან.
„პუტინი არის აგრესორი და მან უნდა გადაიხადოს საფასური. მის მიერ წამოწყებული ომი ემუქრება საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას“, – განაცხდა ბაიდენმა.
ამასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები მიიღებენ ზომებს კორუმპირებული რუსი მილიარდერების წინააღმდეგ და დაამატებენ ახალ სახელებს ოლიგარქების სიას და მათ ოჯახის წევრებსაც, რომლებიც სანქციების სამიზნე გახდებიან.
„ისინი მხარს უჭერენ პუტინს. ისინი იპარავენ რუსეთის მოქალაქეებისგან და ცდილობენ ფულის ჩვენს ქვეყნებში დამალვას. ისინი არიან იმ კლეპტოკრატიის ნაწილი, რომელიც მოსკოვში არსებობს და მათაც უნდა გაიზიარონ ამ სანქციებისგან მიყენებული ტკივილი“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ ასევე აკრძალავს ფუფუნების საგნების ექსპორტს რუსეთში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის ბოლო ნაბიჯი, რომელსაც აშშ რუსეთის წინააღმდეგ გადადგამს და სამომავლოდ სანქციები კიდევ არის დაგეგმილი.