ჯო ბაიდენი - ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადავიყვანეთ, მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი ძალები საჭიროების შემთხვევაში
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მის გუნდს ისრაელელ პარტნიორებთან ომის დაწყების მომენტიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საბრძოლო მასალას რკინის გუმბათის შესავსებად. ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს არ ამოეწურება ეს კრიტიკული აქტივები, რათა დაიცვას თავისი ქალაქები და მოქალაქეები“, – აღნიშნა ბაიდენმა გამართულ ბრიფინგზე.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია მჭიდრო კონსულტაციებს გადიოდა კონგრესთან აღნიშნულ კრიზისთან დაკავშირებით.
„კონგრესი როდესაც დაბრუნდება, მათ ვთხოვთ გადაუდებელი ზომების მიღებას ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად. ეს არ ეხება პარტიას და პოლიტიკას. ეს ეხება ჩვენი სამყაროს უსაფრთხოებას, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გააძლიერა სამხედრო ძალების პოზიციონირება შეკავების უზრუნველსაყოფად.
„თავდაცვის დეპარტამენტმა გადაიყვანა USS Gerald Ford ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში და გააძლიერა ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების წარმომადგენლობა. ჩვენ მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი ძალები საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.