ჯო ბაიდენი - აშშ-ის ვალდებულება ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი კლდესავით მყარი და ურყევია
აშშ-ის ვალდებულება ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი კლდესავით მყარი და ურყევია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ბრიუსელში გამართულ სამიტს ძალიან წარმატებული უწოდა.
მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ, ბზარი გააჩინონ ტრანსატლანტიკურ სოლიდარობაში. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, სამიტის ფარგლებში განხილულ იქნა რუსეთის აგრესიული ქმედებები. მისი თქმით, 16 ივნისს ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის გადასცემს რუსეთის პრეზიდენტს, რომ აშშ არ ისწრაფვის რუსეთთან კონფლიქტისკენ, თუმცა რუსეთის საზიანო ქმედებებს უპასუხებს.
„რუსეთი და ჩინეთი კვლავ ცდილობენ, ბზარი გააჩინონ ტრანსატლანტიკურ სოლიდარობაში. ჩვენ ვხედავთ მზარდ მავნებლურ კიბერსაქმიანობას, თუმცა ჩვენ ალიანსი კვლავ არის ძლიერი საფუძველი, რომელზე ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების და საერთო კეთილდღეობის შენების გაგრძელებაა შესაძლებელი. აშშ-ის ვალდებულება ნატოს წესდების მეხუთე მუხლისადმი კლდესავით მყარი და ურყევია. ეს არის წმინდა ვალდებულება. ნატო ერთად დგას ისევე, როგორც წარსულში სხვა საფრთხეების წინაშე. ჩვენ სიმტკიცით ვხვდებით მომავლის გამოწვევებს, რომლებიც მრავალია და ყველა აქ მყოფი აცნობიერებს, რომ ამერიკა დაბრუნდა. ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რომლებიც ნატო-სა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მე შევხვდი აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებს, ასევე სამი ბალტიური სახელმწიფოს ლიდერებს. გავუზიარე მოკავშირეებს, თუ რას გადავცემ პრეზიდენტ პუტინს, რომ არ ვისწრაფვით რუსეთთან კონფლიქტისკენ, თუმცა ჩვენ ვუპასუხებთ, თუ რუსეთი გააგრძელებს თავის საზიანო ქმედებებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.