აშშ და გერმანია ერთად აღუდგებიან რუსეთის აგრესიას, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ ერთად ვდგავართ და გავაგრძელებთ ნატო-ში ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეების დაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან მერკელთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, ენერგორესურსები იარაღად გამოიყენოს. მისივე თქმით, ამ საკითხზე ის მერკელთან ვერ თანხმდება.
„კარგ მეგობრებსაც აქვთ საკითხები, რომლებზეც ვერ თანხმდებიან“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ და გერმანია ჩინეთის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ეწინააღმდეგებიან.
„ჩვენ ხმას ავიმაღლებთ და დავიცავთ დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანის უფლებებს, როდესაც ვხედავთ რომ ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა მუშაობს, რათა ძირი გამოუთხაროს თავისუფალ და ღია საზოგადოებას“, – განაცხადა ბაიდენმა.
პრესკონფერენციის დასასრულ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას მოენატრება მერკელის ხილვა სხვადასხვა სამიტზე.
როგორც ცნობილია, ანგელა მერკელი ვაშინგტონში ბოლო ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.