ჯო ბაიდენი - არავის შეუძლია, შეუერთდეს ნატო-ს, ვიდრე ომი მიმდინარეობს, რადგან ეს არის გარანტია, რომ ჩვენ ვართ ჩართული მესამე მსოფლიო ომში
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ომის დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გულისხმობს მესამე მსოფლიო ომში ჩართვას. მისივე თქმით, ახლა მთავარი განხილვის თემაა არა ის, გახდება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი, არამედ როდის შეძლებს ამას ქვეყანა.
„არავის შეუძლია, შეუერთდეს ნატო-ს, ვიდრე ომი მიმდინარეობს, რადგან ეს არის გარანტია, რომ ჩვენ ვართ ჩართული ომში, მესამე მსოფლიო ომში“, – განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის მოგების შესაძლებლობა არ აქვს.
„პუტინს შეუძლია, ხვალვე დაასრულოს ომი, უბრალოდ თქვას: მე მივდივარ. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, უკრაინაში ომი მოიგოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, უკრაინაში ომი წლების განმავლობაში არ გაგრძელდება, რადგან ვლადიმერ პუტინი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის.