ჯო ბაიდენი - არ ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„არ ფიქრობ, რომ ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ის უპასუხისმგებლოდ საუბრობს ამაზე, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ მან შესაძლოა, ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა არ დააკონკრეტა, რა იქნება ამერიკის პასუხი, თუ პუტინი დანაპირებს შეასრულებს და ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა, ნოემბერში ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა.
„მე არ მაქვს მასთან შეხვედრის განზრახვა, მაგრამ თუ ის „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ სურს ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებაზე საუბარი, მე მას შევხვდებოდი. ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, პუტინი რაციონალური მოთამაშეა, თუმცა ბევრ რამეში ძალიან შეცდა.
„ვფიქრობ, თებერვალში პუტინის სიტყვით გამოსვლაში, მისი მიზნები არარაციონალური იყო. მიაჩნდა, რომ კიევში მას გაშლილი ხელებით შეხვდებოდნენ და ვფიქრობ, ის ამაში ძალიან შეცდა“, – განაცხადა ბაიდენმა.