ჯო ბაიდენი - ამერიკა ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს
ჯო ბაიდენი - ამერიკა ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს

ამერიკა ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„წლების წინ, როდესაც ნატო-ს ვაფართოვებდით, მე ამერიკის სენატში ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ყველაზე მეტად ემხრობოდა ნატო-ში ბევრი თქვენგანის გაწევრიანებას. როგორც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი, თქვენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მოწინავე ხაზზე ხართ და ყველაზე კარგად იცით, რა დევს სასწორზე ამ კონფლიქტში – არა მხოლოდ უკრაინა, არამედ თითქმის მთელი ევროპის თავისუფლება და დემოკრატია. მე არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამერიკის ვალდებულებები ნატო-ს მიმართ უცვლელია, ალიანსის მეხუთე მუხლი არის წმინდა ვალდებულება. ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს“, – განაცხადა ბაიდენმა.

„ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პირველი პირები.