ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ იერუსალიმში სამედიცინო დაწესებულებების დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ იერუსალიმში სამედიცინო დაწესებულებების დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აღნიშნული დახმარების შესახებ ბაიდემა აღმოსავლეთ იერუსალიმში ავგუსტა ვიქტორიის ჰოსპიტალში ვიზიტისას, პალესტინური ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრამდე გამოაცხადა.
„დღეს მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ აშშ მზად არის, დამატებით გამოყოს 100 მილიონი დოლარი, რათა მხარი დაუჭიროს ამ საავადმყოფოებს, თქვენს პერსონალს, რომელიც მუშაობს პალესტინელი ხალხისთვის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ავგუსტა ვიქტორიის ჰოსპიტალიდან აშშ-ის პრეზიდენტი ბეთლემში მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებების გასამართად გაემართა. ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში, ჯო ბაიდენი შემდგომ საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც მას ტახტის მემკვიდრე, პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.