ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მკაფიოს გახდის, თუ სად გადის წითელი ხაზები
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ის მკაფიოს გახდის, თუ სად გადის წითელი ხაზები. ამის შესახებ ბაიდენმა ნატო-ს სამიტის შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მკაფიოდ ვეტყვი პრეზიდენტ პუტინს, რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია, თუ ის ამას აირჩევს, ხოლო თუ ის აირჩევს, არ ითანამშრომლოს და იმოქმედებს იმგვარად, როგორც წარსულში კიბერუსაფრთხოებასთან და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედებდა, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ.
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, შედის თუ არა ჩვენს ერთობლივ ინტერესებში და მსოფლიოს ინტერესებში თანამშრომლობა და შევხედოთ, თუ ამის გაკეთება შეგვიძლია. ასევე არის სფეროები, სადაც არ ვთანხმდებით, ჩვენ მკაფიოს გავხდით, სად გადის წითელი ხაზები“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ღირსეული მოწინააღმდეგე უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გულწრფელი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინს ერთ-ერთ ინტერვიუში „მკვლელი“ უწოდა.