ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება დამოკიდებულია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ის კრიტერიუმებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება დამოკიდებულია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ის კრიტერიუმებს. ამის შესახებ ბაიდენმა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„ეს დამოკიდებულია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი კრიტერიუმებს. ფაქტი ისაა, რო მათ ჯერ უნდა გაწმინდონ კორუფცია, დააკმაყოფილონ სხვა კრიტერიუმები წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად“, – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსის გადაწყვეტილებაზე.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ამავე დროს აშშ გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინამ შეძლოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ფიზიკურ აგრესიას.
ამასთან, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სამიტზე მოკავშირეებმა დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მაპის მინიჭების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან სურს მოისმინოს მკაფიო „დიახ“ ან „არა“.