ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რადგან უკრაინას საბრძოლო მასალა ეწურება
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუხდა, რადგანაც უკრაინას საბრძოლო მასალა ეწურება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „სიენენთან“ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, კასეტური საბრძოლო მასალის კიევისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაციები გაიარა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ასევე კონგრესის წევრებთან.
„ეს გახლავთ საბრძოლო მასალის ომი და მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა. ის ჩვენც ცოტა გვაქვს და ამიტომ მე საბოლოოდ გადავწყვიტე. გავითვალისწინე თავდაცვის დეპარტამენტის რეკომენდაცია, თუმცა არა მუდმივად, არამედ ამ გარდამავალი პერიოდისთვის, ვიდრე ჩვენ მივიღებთ 155 მილიმეტრის კალიბრის იარაღს, ამ ჭურვებს უკრაინელებისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.
100-ზე მეტ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს შეთანხმება, რომლითაც კასეტური შეიარაღების გამოყენება აკრძალულია. აშშ და უკრაინა ამ შეთანხმების ხელმომწერებს შორის არ არიან.