ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიღწეულია შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიღწეულია შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიღწეულია შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე შვიდმა კომპანიამ, მათ შორის OpenAI-მ, Alphabet-მა და Meta Platforms-მა საკუთარ თავზე აიღეს ნებაყოფლობითი ვალდებულება, რათა ტექნოლოგიის გამოყენება უფრო უსაფრთხო გახადონ. კერძოდ, დაპირებებს შორის არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალების მონიშვნის ვალდებულება. ასევე, კომპანიები პირობას დებენ, რომ ახალი სისტემების გამოშვებამდე მათი დეტალური შემოწმება მოხდება.

„დღეს მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ შვიდი კომპანია დათანხმდა ნებაყოფლობით ვალდებულებებზე პასუხისმგებლიანი ინოვაციებისთვის. ეს ვალდებულებები, რომლებსაც კომპანიები დაუყოვნებლივ შეასრულებენ, ხაზს უსვამენ დაცულობის, უსაფრთხოებისა და ნდობის სამ ფუნდამენტურ პრინციპს. პირველ რიგში, კომპანიებს აქვთ ვალდებულება, დარწმუნდნენ, რომ მათი ტექნოლოგიები არის უსაფრთხო საზოგადოებისთვის მათ გამოშვებამდე. ეს გულისხმობს მათი სისტემების შესაძლებლობების ტესტირებას, პოტენციური რისკის შეფასებას და ამ შეფასების შედეგების გამოქვეყნებას; მეორე – კომპანიებმა პრიორიტეტული უნდა გახადონ მათი სისტემების უსაფრთხოება მათი მოდელების კიბერსაფრთხეებისგან დაცვით და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების წინაშე რისკების მართვით, ასევე საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გაზიარებით; მესამე – კომპანიებს აქვთ ვალდებულება, მოიპოვონ ხალხის ნდობა და მომხმარებლებს მისცენ საშუალება, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი ხელოვნური ინტელექტის მიერ შეცვლილი ან შექმნილი კონტენტის მარკირებით, მიკერძოებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრით, კონფიდენციალურობის გაძლიერებით და ზიანისგან ბავშვების დაცვით“, – განაცხადა ბაიდენმა.