ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას F-16-ისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები განიხილეს
აშშ-ისა და თურქეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას F-16-ისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები განიხილეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრ სახლთან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმეორა ანკარის სურვილი, შეიძინოს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.
ამასთან, ბაიდენის განცხადებით, მან თურქ კოლეგას განუცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, ანკარამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.
„მივულოცე ერდოღანს. მას ისევ სურს მუშაობა F-16-ების საკითხზე. ვუთხარი, რომ ჩვენ გვინდა შეთანხმება შვედეთთან, ასე რომ, მოდით, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ბაიდენი ერდოღანისგან რამე ნაბიჯს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თურქეთის ლიდერთან მომავალ კვირას აპირებს მეტ საუბარს.