ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რაფაჰში ოპერაციასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუ მის გაფრთხილებას ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით მისი გაფრთხილებები მოისმინა.
ამის შესახებ მან „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ნეთანიაჰუ მას უსმენს, ბაიდენი ამბობს: „ვფიქრობ, მისმენს“.
„ისინი აპირებდნენ რაფაჰში შესვლას, მთელ რაფაჰში შეჭრას, მის აღებას, სამხედრო ოპერაციას მთელი ძალით, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა ბაიდენმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ნეთანიაჰუ მძევლებთან დაკავშირებულ შეთანხმებას დაიცავს, ბაიდენი აცხადებს, რომ „მან საჯაროდ თქვა, რომ ასეა. ჩვენი ევროპელი მეგობრები ამაში იღებენ მონაწილეობას, ცეცხლის შეწყვეტას უნდა მივაღწიოთ“.