ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტში მორიგი ტერაქტის საფრთხე არსებობს
ქაბულის აეროპორტში კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმა დიდი ალბათობით მომდევნო 24-36 საათში მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ტერაქტის საფრთხის შესახებ სამხედრო ხელმძღვანელებმა აცნობეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვიანებით განაცხადება გაავრცელა, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქაბულის აეროპორტის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ.
აშშ ქაბულის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაციას აგრძელებს. ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს უნდა დასრულლდეს. 14 აგვისტოს შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 110 000-ზე მეტი ავღანელი და უცხო ქვეყნის მოქალაქე გაიყვანა.
ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200 ადამიანი, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, აშშ-ის სამხედრო ავიაციის იერიშის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მეთაური მოკლეს.