ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართულია მოლაპარაკებებში აშშ-ის რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვის თავიდან ასაცილებლად
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართულია მოლაპარაკებებში აშშ-ის რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვის თავიდან ასაცილებლად

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართულია მოლაპარაკებებში აშშ-ის რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვის თავიდან ასაცილებლად.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამ საკითხში თავად უშუალოდ ჩართული ჯერ არ არის. ამის შესახებ ბაიდენმა მასაჩუსეტში ვიზიტისას მედიას განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების დეტალებზე არ ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, პროცესი მოლაპარაკებების შუაშია.

„ჩემი გუნდი ყველა მხარესთან კონტაქტზეა და ოთახშია მხარეებთან. უშუალოდ ჯერ არ ჩავრთულვარ, რადგან ისინი ჯერ კიდევ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს მიწოდების ჯაჭვები მთელი ქვეყნის მასშტაბით. გასულ თვეს 300-ზე მეტმა ჯგუფმა, მათ შორის საცალო ვაჭრობის ეროვნულმა ფედერაციამ და მწარმოებელთა ეროვნულმა ასოციაციამ, აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, ჩაერთოს, რათა დაეხმაროს გაფიცვის თავიდან აცილებაში, რომელმაც შესაძლოა, შეაჩეროს სურსათის, საწვავის მიწოდება და მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვიოს. მიმდინარე კვირის დასაწყისში აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს პრეზიდენტსა და კონგრესს სწრაფი ჩარევისკენ სადღესასწაულო სეზონის წინ გაფიცვის თავიდან ასაცილებლად. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხებამ შესაძლოა, აშშ-ში ტვირთების გადაზიდვების 30 პროცენტი შეაჩეროს, გაზარდოს ინფლაცია და ამერიკის ეკონომიკას ყოველდღიურად ორი მილიარდი დოლარი დაუჯდეს.

ორშაბათს აშშ-ის უმსხვილესი სარკინიგზო პროფკავშირის თანამშრომლებმა სექტემბერში მიღწეული დროებითი კონტრაქტების შეთანხმებაზე უარი თქვეს, რამაც წლის ბოლოს გაფიცვის ალბათობა გაზარდა. პროფკავშირები უკმაყოფილონი არიან ჯანდაცვის პოლიტიკით, რომელიც მოკლევადიანი ავადმყოფებისთვის ანაზღაურებად ბიულეტენს არ ითვალისწინებს. პროფკავშირები ჯანრთელობის გამო 15-დღიან ანაზღაურებად ბიულეტენს ითხოვენ.