ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სენატის სასაზღვრო შეთანხმებას და კანონპროექტი თუ დამტკიცდება, საზღვრებს გადატვირთულობის შემთხვევაში დახურავს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სენატის სასაზღვრო შეთანხმებას და კანონპროექტი თუ დამტკიცდება, საზღვრებს გადატვირთულობის შემთხვევაში დახურავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის სენატში შეთანხმებული სასაზღვრო შეთანხმება შესაძლო რეფორმების „ყველაზე მკაცრი და სამართლიანი“ ნაკრებია და პრეზიდენტი პირობას დებს, რომ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იმავე დღეს დახურავს საზღვარს, როგორც კი დოკუმენტს ხელს მოაწერს.

„ის, რაც შეთანხმდა, კანონად თუ მივიღებთ, იქნება უმკაცრესი და ყველაზე სამართლიანი რეფორმების ნაკრები საზღვრის უსაფრთხოებისთვის, რომელიც ოდესმე გვქონია. ეს მე, როგორც პრეზიდენტს, ახალ საგანგებო უფლებამოსილებას მომანიჭებს, დავხურო საზღვარი, როდესაც ის გადაიტვირთება. და თუკი ეს უფლებამოსილება მომენიჭება, მე იმავე დღეს გამოვიყენებ, როგორც კი კანონს ხელს მოვაწერ“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, დოკუმენტი ითვალისწინებს ახალ შეზღუდვებს საზღვარზე თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართ, მათ შორის, მიგრანტების უკან გაბრუნების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა ნაკადი დღიურად 4 000-ს გადააჭარბებს.

იმ შემთხვევაში კი, თუ მიგრანტთა ნაკადი დღიურად 5 000-ს გადააჭარბებს, უკან გაბრუნების უფლებამოსილების ამოქმედება სავალდებულო გახდება.

წყაროს ცნობით, მიგრანტებს კვლავ შეეძლებათ თავშესაფრის მოთხოვნა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, უკან გაბრუნების მექანიზმის ამოქმედების მიუხედავად.

აშშ-ის წარმოამდგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსის თქმით, შეთანხმება ამჟამინდელი ფორმით თავიდანვე განწირულია.

აშშ-ის სტატისტიკური მონაცემებით, დეკემბერში საზღვრის კვეთის დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 9 500 მიგრანტს შეადგენდა.

კანონპროექტი თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის განხილვას, მისი დაკავების გარეშე, ექვსი თვის ვადაში ითვალისწინებს, რაც ბევრად უფრო დაჩქარებული პროცესია, ვიდრე ამჟამად მოქმედი რეგულაცია, რაც წლობით იწელება.

ბაიდენმა ასევე მოუწოდა კონგრესს, უზრუნველყონ დაფინანსება, რომელიც ოქტომბერში საზღვრის უსაფრთხოებისთვის მოითხოვა. ეს მოიცავს დამატებით 1 300-მდე სასაზღვრო-საპატრულო ოფიცერს, 375 საიმიგრაციო მოსამართლეს, თავშესაფრის საკითხებში 1 600 ოფიცერს და 100-ზე მეტ უახლეს საინსპექციო აპარატს, რაც მესაზღვრეებს ეხმარება ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაში.