ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი ირანის ობიექტებზე დარტყმებს დღეს არ განახორციელებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი დღეს არ განახორციელებს დარტყმებს ირანის ობიექტებზე. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ტელეარხი „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
ბაიდენს ჰკითხეს, მხარს დაუჭერდა თუ არა ისრაელის მიერ ირანის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს.
„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ დღეს არაფერი მოხდება; ჩვენ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს ისრაელის პოტენციურ თავდასხმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უარი განაცხადა, გაემჟღავნებინა, რა სანქციებს განიხილავენ აშშ-ში ირანის წინააღმდეგ. თეთრ სახლში მანამდე განაცხადეს, რომ ისრაელზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის გამო თეირანს სერიოზული შედეგები ელოდება.
პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა ირანის ისრაელზე თავდასხმას „აგრესიის უხეში აქტი“ უწოდა.