ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ექვსკვირიან პაუზას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ექვსკვირიან პაუზას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრისას განაცხადა.
„ამ კონფლიქტში დაღუპული 27 000-ზე მეტი პალესტინელიდან ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი იყო უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე და ბავშვი, ათასობით ბავშვი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის როგორც პალესტინელი ხალხისთვის, ასევე ისრაელელებისთვის. როგორც დღეს იორდანიის მეფესთან საუბრისას განვიხილე, აშშ მუშაობს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს, სულ მცირე, ექვსკვირიან პაუზას. ჩვენ განვიხილეთ რაფაჰში არსებული ვითარება. როგორც გუშინ ვთქვი, რაფაჰში არ შეიძლება, მიმდინარეობდეს რაიმე ოპერაცია სანდო გეგმის გარეშე, რადგან ეს ქალაქი მილიონზე მეტი ადამიანისთვის თავშესაფარია და მათ დაცვა სჭირდებათ“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, იორდანიის მეფის თქმით, უკვე მილიონზე მეტი ადამიანია დაზარალებული და ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს.
„სიტუაცია უკვე აუტანელია მილიონზე მეტი ადამიანისათვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რაფაჰში გადაიყვანეს. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ უბრალოდ ვუყუროთ ამას. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა ახლა. ეს ომი უნდა დასრულდეს. სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების შეზღუდვა იწვევს არაჰუმანურ პირობებს. გაერო-ს არცერთ სხვა სააგენტოს არ შეუძლია, გააკეთოს ის, რასაც გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო აკეთებს, რათა დაეხმაროს ღაზის მოსახლეობას ამ ჰუმანიტარული კატასტროფის გადალახვაში. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტომ განაგრძოს მხარდაჭერის მიღება, რომელიც მას სჭირდება თავისი ფუნქციის შესასრულებლად“, – განაცხადა იორდანიის მეფე აბდულა მეორემ.