ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი ათწლეული კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი ათწლეული კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა მისი ინიციატივით ორგანიზებულ კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარე სამიტში მსოფლიო 40 ლიდერი მონაწილეობს.
ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ 2005 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიებს 50-52%-ით შეამცირებს. ახალი დაპირება აქამდე გაცხადებულ მიზანს ორჯერ აღემატება.
„მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ეს არის გადამწყვეტი ათწლეული, ეს არის ათწლეული, როდესაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს კლიმატური კრიზისის ყველაზე ცუდ შედეგებს“, – განაცხადა ბაიდენმა სამიტის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატება 1,5 გრადუსზე შევინარჩუნოთ. 1,5-ზე მეტი მატება ნიშნავს უფრო ხშირ და ინტენსიურ ხანძრებს, წყალდიდობებს, გვალვებს, სიცხეს და ქარიშხლებს“, -აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.
„ნიშნები თვალსაჩინოა, მეცნიერება უდავოა, უმოქმედობის ფასი კი სულ უფრო იზრდება. აშშ არ მოიცდის, ჩვენ მოქმედების გადაწყვეტილებას ვიღებთ“, -აღნიშნა ბაიდენმა.
სათბური გაზების ემისიების შემცირების ვალდებულების შესახებ სამიტზე ასევე ბრაზილიის, იაპონიისა და კანადის ლიდერებმა განაცხადეს.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ახალი ვალდებულებების აღების შესახებ არ განუცხადებიათ ჩინეთსა და ინდოეთს.