ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რაფაჰის გამშვები პუნქტით 20 სატვირთო მანქანის ღაზაში გაშვებას დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი დათანხმდა ჰუმანიტარული დახმარებისთვის რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ის დათანხმდა გამშვები პუნქტის გახსნას ორი საქმის გასაკეთებლად. თავიდან გავუშვით 20-მდე სატვირთო მანქანა. ჩემი ელჩი ახლა კაიროშია, ის აპირებს ამის კოორდინირებას. მას აქვს უფლებამოსილება, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ამის მისაღწევად”,- განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტი გაიხსნება მხოლოდ დახმარების მისაღებად და არა ევაკუაციისთვის.
ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტს „ძალიან შემწყნარებელი“ უწოდა და თქვა, რომ ის იმსახურებს „ნამდვილ შექებას“ შეთანხმებისთვის.