ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აზრით, დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, ტრამპმა შესაძლოა, ინფორმაცია სხვებს გაუზიაროს. თეთრ სახლში მანამდე აღნიშნეს, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი იყო. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ტრადიციულად ზოგიერთ საიდუმლო ინფორმაციას პოსტის დატოვების შემდეგაც ეცნობიან.
ბაიდენის განცხადებით, მისი პოზიცია ტრამპისთვის საიდუმლო მასალების არ გაზიარებასთან დაკავშირებით კაპიტოლიუმზე თავდასხმას არ უკავშირდება. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ტრამპისთვის დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობა არ არსებობს.
„რა ღირებულებებს მატებს მას მოხსენება დაზვერვის შესახებ? რა გავლენა შეიძლება მას ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ შესაძლოა რამე წამოსცდეს?“ – განაცხადა ბაიდენმა.