ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა წააქეზა მომხრეები, შეჭრილიყვნენ კაპიტოლიუმში 6 იანვარს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა წააქეზა მომხრეები, შეჭრილიყვნენ კაპიტოლიუმში 6 იანვარს. ამის შესახებ ბაიდენმა საპრეზიდენტო დებატებისას კაპიტოლიუმის შტურმის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეები დაპატიმრებულები უნდა იყვნენ.
„მან წააქეზა ეს ადამიანები, რომ შეჭრილიყვნენ კაპიტოლიუმში. ის სამი საათის განმავლობაში უყურებდა, როგორ ეხვეწებოდნენ მისი ვიცე-პრეზიდენტი და მისი კოლეგები, რესპუბლიკელები, გაეკეთებინა რამე მათ შესაჩერებლად და დაესრულებინა ეს. ამის ნაცვლად, ის საუბრობდა, რომ ეს ადამიანები არიან ამერიკის დიდი პატრიოტები. ფაქტობრივად, ის ამბობს, რომ აპატიებს მათ ყველაფერს, რაც ჩაიდინეს. თუ მათ ბრალს მიუსჯიან, ის ამბობს, რომ სურს, შეუმსუბუქოს მათ სასჯელი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ყველა სასამართლოში არაერთ საქმეზე, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში და სასამართლო ამბობს, რომ ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა. და ეს ადამიანები უნდა იყვნენ ციხეში და მათ პასუხი უნდა აგონ. მას კი ყველა მათგანის გათავისუფლება სურს. ახლა კი ამბობს, რომ თუ ისევ დამარცხდება, შესაძლოა, სისხლის ნიაღვარი დადგეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს „მტირალა“ უწოდა, რომელსაც დამარცხების მიღება არ შეუძლია.
„როდესაც პირველად დამარცხდი, შენ მთელი ქვეყნის სასამართლოებს მიმართავდი. არცერთ სასამართლოს აშშ-ში არ დაუდასტურებია თქვენი სარჩელი. თუმცა განაგრძობთ ამ სიცრუის პროვოცირებას. ამის მტკიცებულებები არ არსებობს. იცი, რას გეტყვით, მე ეჭვი მეპარება, რომ დამარცხებას შეეგუები, რადგან ასეთი მტირალა ხარ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისთვის გაცილებით მარტივი იქნებოდა მარცხის აღიარება, ვიდრე ხელახლა კენჭისყრა.
„არ ვაპირებდი კენჭისყრას, ვიდრე არ დავინახე, თუ რა საშინელი სამუშაო შეასრულა მან. ის ანადგურებს ქვეყანას. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, აღმოჩენილიყავი სადმე სხვაგან, კარგ ადგილას“, – განაცხადა ტრამპმა.