ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთი აგრძელებს „აგრესიულ ქცევას“ სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანის სრუტეში
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთი კვლავ „აგრესიულად იქცევა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანის სრუტეში, ხოლო ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დიპლომატიას იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად.
„ჩინეთი აგრძელებს აგრესიულ ქცევას, ამის მცდელობას ვხედავთ მთელ რეგიონში. ეს ეხება სამხრეთ ჩინეთის ზღვას, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას, სამხრეთ ჩინეთს, სამხრეთ აზიას და ტაივანის სრუტეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ეს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა უილმინგტონში, ავსტრალიის, იაპონიისა და ინდოეთის ლიდერებთან ერთად გამართულ ე.წ. ქუადის (ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი) სამიტზე გააკეთა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სი ძინპინი ცდილობს, ფოკუსირება მოახდინოს შიდა ეკონომიკურ გამოწვევებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს ტურბულენტობა ჩინეთის დიპლომატიურ ურთიერთობებში. ჩემი აზრით, ის ასევე ცდილობს, მოიპოვოს დიპლომატიური სივრცე, რათა აგრესიულად გაატაროს ჩინეთის ინტერესები“, – განაცხადა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ დელავერის შტატში გამართულ სამიტზე აშშ, იაპონია, ინდოეთი და ავსტრალია შეთანხმდნენ, დაიწყონ ერთობლივი პატრულირება ინდოეთისა და წყნარი ოკეანის წყლებში.
„აშშ-ის სანაპირო დაცვა, იაპონიის სანაპირო დაცვა, ავსტრალიის სასაზღვრო ძალები და ინდოეთის სანაპირო დაცვა გეგმავენ, 2025 წელს დაიწყონ პირველი სადამკვირვებლო მისია ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად და საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ლიდერების მიერ მიღებულ განცხადებაში.
„ქუადის“ (ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი) პირველი შეხვედრა ავსტრალიის, ინდოეთის, აშშ-ისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 2019 წლის სექტემბერში ნიუ იორკში გაიმართა. 2021 წლის მარტში ჩატარდა „ოთხეულის“ პირველი ვირტუალური სამიტი. 2021 წლის სექტემბერში კი ვაშინგტონში შედგა გაერთიანების პირველი პირისპირ შეხვედრა. შემდეგი სამიტი 2025 წელს ინდოეთში გაიმართება.