ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აშშ-ში აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კენჭისყრას მომავალ კვირაში გეგმავს.
ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსიც.
„ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ეწინააღმდეგება ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, „ტიკ-ტოკი“ თუ აიკრძალება, „ფეისბუქის“ საქმიანობა გაორმაგდება, რაც მისთვის მისაღები არ არის.