ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობაზე ქალის წარდგენა სურს
ჯო ბაიდენის თქმით, სურს, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი წარადგინოს. ამის შესახებ განცხადება ბაიდენმა, მის უშუალო კონკურენტ ბერნი სანდერსთან გამართული პირველი დებატების დროს გააკეთა.
ვერმონტელმა სენატორმა განაცხადა, რომ მას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქალი კანდიდატის წარდგენას ისიც არ გამორიცხავს.
ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის სახელდებიან: ელისაბედ უორენი, კამალა ჰარისი და ჰილარი კლინტონი.
დემოკრატიული პარტიის სახელით საპრეზიდენტო მარათონში ჩართული კანდიდატების პირველი დებატების დროს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კორონავირუსთან ბრძოლის საკითხს.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კორონავირუსის ტესტირების სისტემის გაფართოებასა და თითოეულ შტატში სწრაფი ტესტის გასაკეთებლად 10 საველე ლაბორატორიის გახსნას ემხრობა.
მისივე თქმით, აუცილებელია გლობალური ლიდერების და ექსპერტების შეკრება, რათა კრიზისთან ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოებამ ძალისხმევა გააერთიანოს. ბაიდენის თქმით, ასევე აუცილებელია ახალი საავადმყოფოების მშენებლობაც. აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ტესტირებისა და მკურნალობის ხარჯები ფედერალური ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს.
ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი დაეთანხმა ბაიდენის განცხადებას და თქვა, რომ აუცილებელია საავადმყოფოების შესაბამისი აღჭურვილობითა და სამედიცინო საშუალებებით მომარაგება. ამასთან, სანდერსმა ყურადღება კრიზისის შედეგად დაზარალებული აშშ-ის მოქალაქეების ეკონომიკურ დახმარებაზე გაამახვილა.
სანდერსმა განაცხადა, რომ „კორონავირუსის პანდემია აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის წარმოუდგენელი სისუსტისა და არაკვალიფიციურად ფუნქციონირებას მაჩვენებელია, რომელი მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული.“
ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის „დემოკრატიული პარტიის“ სახელით იბრძვიან.