ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს მათი რეაგირების შემდეგ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პენსილვანიაში დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის რეაგირების შემდეგ აღნიშნულ სამსახურთან ერთად თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან” ინტერვიუში განაცხადა.
„საიდუმლო სამსახურთან თავს დაცულად ვგრძნობ. ჩვენ ვნახეთ საიდუმლო სამსახური, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე რისკში ჩააგდო და უპასუხა. ისინი მზად იყვნენ, პრეზიდენტისთვის სიცოცხლე დაეთმოთ. საკითხავია, წინასწარ უნდა მოელოდნენ თუ არა იმას, რაც მოხდა? გააკეთეს თუ არა ის, რაც უნდა გაეკეთებინათ, რომ ეს არ მომხდარიყო? ეს არის კითხვა – ეს ღია კითხვაა. ამის მთავარი ნაწილი ეხება ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. ისინი დიდ როლს თამაშობენ. ასე რომ, ეს არის სხვა კომპეტენცია – მე არ ვამბობ, რომ ისინიც არ იყვნენ კომპეტენტურები. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს რთული პროცესია“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა ტრამპთან დებატების გაშუქებისთვის მედია გააკრიტიკა. ბაიდენის თქმით, იცის, რომ „ცუდი ღამე“ ჰქონდა, მაგრამ აღნიშნა, რომ მედია საკმარისად არ საუბრობს ტრამპის შესრულებაზე.
„რატომ არ ლაპარაკობთ ტრამპის ტყუილებზე? რატომ არ ლაპარაკობს პრესა ამაზე? ცუდი, ცუდი ღამე მქონდა, საერთოდ არ ვგრძნობდი თავს კარგად და მე ვიყავი… მე ავღელდი“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდება თუ არა სხვა დებატებს უკვე შეთანხმებულ დებატებამდე სექტემბერში, რათა „დაიბრუნოს სადავეები“ ბაიდენმა უპასუხა, რომ „სადავეები მის ხელშია“.
„სად იყავით? მე გავაკეთე 22 ძირითადი ღონისძიება ათასობით ადამიანთან ერთად, სადავეები ჩემს ხელშია. მე გარეთ გავდივარ, რათა ამერიკელებს ვაჩვენო, რომ მე შემიძლია ყველა ჩემი შესაძლებლობის მართვა, რომ ჩანაწერები არ მჭირდება. მე არ მჭირდება სუფლიორი, შემიძლია გასვლა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა. მე არ ვგეგმავ სხვა გამოსვლას ამ დონეზე“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ასევე კითხვა დაუსვა მისავე განცხადებაზე, რომ ტრამპი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.
„მე ვგულისხმობდი მასზე ფოკუსირებას. ფოკუსირებას იმაზე, რასაც ის აკეთებს, ფოკუსირებას მის პოლიტიკაზე, ფოკუსირებას დებატებისას მის მიერ ნათქვამი ტყუილების რაოდენობაზე. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც დიქტატორობა მინდოდა პირველივე დღიდან. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც უარი თქვა არჩევნების შედეგების მიღებაზე. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ავტომატურად არ მიიღებს ამ არჩევნების შედეგს. არ შეიძლება, გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც გაიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რასაც ის ამბობს და ამაში ვგულისხმობ იდეას“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პენსილვანიაში მომხდარმა შეცვალა ამ საპრეზიდენტო რბოლის ტრაექტორია, ბაიდენმა უპასუხა: „არ ვიცი. და არც თქვენ იცით“.
ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს აქვე შეკითხვა დაუსვა ტრამპის გადაწყვეტილებაზე, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დევიდ ვენსის წარდგენასთან დაკავშირებით.
„ეს არ არის უჩვეულო. ის გარშემორტყმული იქნება იმ ადამიანებით, რომლებიც სრულად ეთანხმებიან, რომლებიც მხარს უჭერენ მას. მიუხედავად იმისა, უკან თუ დაბრუნდებით და გადახედავთ ზოგიერთ საკითხს, რაც ვენსმა თქვა ტრამპის შესახებ. ის რაღაცებს ამბობს ჩემზე, მაგრამ ნახეთ, რა თქვა მან ტრამპზე“, – განაცხადა ბაიდენმა.