აშშ-ის მთავრობა ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების პაკეტს გამოყოფს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ფედერალური მთავრობა ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების პაკეტებს გამოყოფს.
ამის შესახებ მან ჯორჯიის შტატში ვიზიტის დროს განაცხადა, იტყობინება „როიტერი“.
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჯორჯიის გუბერნატორის თხოვნის საპასუხოდ ფედერალური მთავრობა სრულად დაფარავს ნანგრევების გატანისა და სხვა აუცილებელ ხარჯებს სამი თვის განმავლობაში.
„ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ვიქნებით თქვენთან მანამ, სანამ სრულად აღდგება ყველაფერი“, – განუცხადა პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას.
ჯო ბაიდენმა ფლორიდის შტატიც მოინახულა, ვერტმფრენით დაათვალიერა ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალი და შეხვდა დაზარალებულებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად დაზარალებულთათვის უკვე გამოიყო 10 მილიონ დოლარზე მეტი.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.