ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში ჩავა და 24 მარტს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს ბრიუსელში გამართავს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ჯო ბაიდენი ასევე შეუერთდება ევროკავშირის საბჭოს სამიტს და უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავს. შეხვედრაზე მთავარი თემა ასევე იქნება ტრანსატლანტიკური ძალისხმევის მობილიზება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების შესახებ და უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.
„პრეზიდენტი ამ თვის ბოლოს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, სადაც ის შეუერთდება 24 მარტს ნატო-ს რიგგარეშე სამიტს, რათა განიხილოს მიმდინარე შეკავებისა და თავდაცვის მცდელობები უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის საპასუხოდ, ასევე აღინიშნება ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატო-ს მოკავშირეების მიმართ“, – თქვა ჯენ ფსაკიმ.