„ჯივიპის“ მფლობელმა კომპანიამ, Aqualia-მ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში გამყვანი გვირაბის გეგმური რეაბილიტაცია დაასრულა
„ჯივიპის“ მფლობელი ესპანური კომპანია Aqualia ჟინვალჰესის გამართული და სტაბილური ოპერირებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ჰიდროკომპლექსის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 2.2 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელა.
„ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის სიგრძე 9 კილომეტრამდეა. გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოხდა გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა და ფილტრაციული კერების აღმოფხვრა.
„ჟინვალის წყალსაცავსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყალგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც გვირაბული წყალდენის ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს“, – ამბობს ჯივიპის წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი ბიქტორ სოლისი.
ჰიდროკომპლექსის სტაბილური ოპერირებისთვის 2024 წლის ბოლომდე Aqualia 7.2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ჟინვალის ჰიდროკომპლექსში უკვე დამონტაჟდა ოთხი ერთეული ევროპული სტანდარტის, HB3-C-ის ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველი, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ჰესის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის“, – აღნიშნულია „ჯივიპის“ ინფორმაციაში.