ჯინ შაჰინი საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების განუსაზღვრელი ვადით გადადებას რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებას გამოეხმაურა.
სენატორის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანია.
„თავდაცვის დეპარტამენტის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ. ეს შეფერხება ასახავს იმ ფორმულირებას, რომელიც მე გავამყარე კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“, – წერს შაჰინი.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.