ჯინ შაჰინი - საქართველო იყო პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე რეგიონში, შავი ზღვის რეგიონი რუსეთის პრეზიდენტისთვის ფოკუსის კრიტიკული ზონაა, როდესაც ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს
ვლადიმერ პუტინისთვის შავი ზღვის რეგიონი ფოკუსის კრიტიკული ზონაა, როდესაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს და ისტორიის გადახედვას, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
სხდომაზე განიხილებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
შაჰინის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად თავისი იმპერიის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.
„შავი ზღვის კრიტიკული რეგიონი ყოველთვის იყო ინტერესის საგანი და მე ის პირველად გავიცანი, როდესაც საქართველოს ვეწვიე 2012 წელს. საქართველო იყო პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე რეგიონში, თუმცა, სამწუხაროდ, არა – უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი ვლადიმერ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკული ზონაა, როდესაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს და ისტორიის გადახედვას. ეს რუკა აჩვენებს, რატომ არის ეს სხდომა და შავი ზღვის რეგიონზე ფოკუსირება ასეთი მნიშვნელოვანი.
2008 წელს პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიისკენ წინ მიიწევდა. 2014 წელს მან მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ გამოუცხადეს ევროკავშირის წევრობას მხარდაჭერა. 2022 წელს პუტინი ისევ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ მისი დაშინების ტაქტიკა არ მუშაობდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი თავისი ორბიტის ნაწილად მოიაზრებს, ის მას ისტორიულად და სტრატეგიულად თავისი იმპერიის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. თუმცა შავ ზღვაში ასევე არის ნატო-ს სამი წევრი ქვეყანა და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დამაკავშირებელი და როდესაც რუსეთის ქცევა შეუზღუდავი ხდება, ეს აისახება მათ უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.