ჯინ შაჰინი - ქართველმა ხალხმა რაღაც მომენტში თავისი მთავრობისგან მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოითხოვოს
ჯინ შაჰინი - ქართველმა ხალხმა რაღაც მომენტში თავისი მთავრობისგან მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოითხოვოს

ვაფასებ, რომ საქართველო ცდილობს, პოზიტიური როლის შესრულებას მთიანი ყარაბაღის საკითხში, თუმცა რეალობა არის ის, რომ საქართველოში არის უზარმაზარი უკუსვლა, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკა შეაფასეს,  ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს რეფორმების დღის წესრიგში.

ამასთან, ჯინ შაჰინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს კითხვით მიმართა: „იქნებ, ზოგიერთი დახმარება უნდა მივაბათ საქართველოს მხრიდან ქცევას. მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ბიუჯეტის განხილვის ბოლო რაუნდის დროს, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს კარგი რამ. თუმცა ვფიქრობ, იქნებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“.

სენატორის კითხვის საპასუხოდ კარენ დონფრიდმა განაცხადა: „კაპიტოლიუმში ფართო ორპარტიული ჩართულობაა საქართველოს საკითხზე, რაც ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ყოველთვის კარგია პოლიტიკის შეფასება, ღია, დეტალური საუბარი თქვენთან. თქვენ იცით მიზეზი, რატომ გვინდა ჩვენს კურსზე დარჩენა ამ ეტაპზე. ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთ შემაშფოთებელ განცხადებასთან და ქცევასთან დაკავშირებით, რომლებსაც ვხედავთ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან. როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ქართველი ხალხის უმრავლესობის მაჩვენებელი“.

ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა რაღაც მომენტში თავისი მთავრობისგან მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოითხოვოს.

„მე რა თქმა უნდა, გეთანხმებით ამაში. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი არის მთავარი დაპირება. მან ეს განუცხადა საქართველოს საზოგადოებას, აშშ-სა და ევროპულ საზოგადოებას. მათ აშკარად უკან დაიხიეს ამ ვალდებულებისგან. ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ჩვენ ხელთ არსებულ ვარიანტებზე, ვცადოთ მათი პასუხისმგებლობის დაყენება, რათა იცოდნენ, რომ ამას აქვს შედეგები და ზოგიერთი შედეგი შეიძლება, ეხებოდეს ჩვენს დახმარებას. სრულიად გეთანხმებით, რომ დამნაშავე არა ქართველი ხალხი, არამედ მთავრობაა, თუმცა რაღაც მომენტში მათ თავიანთი მთავრობისგან მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოითხოვონ“, – განაცხადა შაჰინმა.