ჯინ შაჰინი - ჩვენ ვესაუბრეთ NDI-სა და IRI-ს, ისინი გვეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ მუშაობას „უცხოური აგენტების“ კანონის პირობებში
ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან „უცხოური აგენტების“ კანონის შექმნაში, კანონი კი არსებითად შექმნილია იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.
როგორც შაჰინმა აღნიშნა, ჰქონდათ საუბარი NDI-სა და IRI-სთან, რომლებიც ამბობენ, რომ ამ კანონის პირობებში მუშაობას ვეღარ შეძლებენ.
„ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენს საკუთარ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტს (IRI), რომელთაც ასეთი კარგი სამუშაო ჩაატარეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ მუშაობას ამ კანონის პირობებში. ამგვარად, შემოღებული იქნება სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ამ კანონის შექმნაში. ეს შეუზღუდავს ლიდერებს მოგზაურობას. გვინდა, მკაფიოდ გავაგებინოთ ახლანდელ ლიდერებს „ქართული ოცნების“ მთავრობაში, რომ ქმედებები მოჰყვება იმას, რასაც აკეთებენ“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.
ამასთან, შაჰინი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს გავლენა ექნება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზეც.
„ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩვენ სამხედროებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს. გვინდა, მკაფიოდ გავაგებინოთ, რომ იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება, გავლენა ექნება სამხედროთა შორის ურთიერთობებზეც. ვიმედოვნებთ, ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ეს გავლენას იქონიებს დახმარებაზე, რომელსაც ისინი აშშ-ისგან იღებენ, და ურთიერთობებზე იმგვარად, რაც სასარგებლო არ იქნება ლიდერებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც მათი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დასავლეთისკენ აქვს ხედვა და სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი, იხედება ნატო-სკენ და ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი აშშ-ის მიმართ“, – განაცხადა შაჰინმა.